background

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში

8 Apr 2017

თითქმის ათწლეულია, რაც მთელი მსოფლიო, განსაკურებით კი განვითარებული ქვეყნები, ცდილობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის განათლების სფეროში. ტექნოლოგიათა განვითარებისა და დახვეწის ტემპი მოთხოვნის შესაბამისად გამუდმებით იზრდება, თავად მოთხოვნას კი განაპირობებს ის ფაქტი, რომ განვითარებული ქვეყნების საზოგადოებას უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი და მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დაჩქარებული კომუნიკაციის ეპოქაში, სადაც დროის ფასი ამ უკანასკნელის სვლასთან ერთად განუხრელად იზრდება.  ევროპის, აშშ-სა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს საგანმანათლებლო სისტემა აქტიურად ცდილობს ადრეული ასაკიდანვე ბავშვებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარების ხელშეწყობას.

როგორც „European Commission Directorate General Information Society and Media“ - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ Survey of Schools: ICT in education“ არის აღნიშნული, ევროკავშირის სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია, ხოლო მათი შეფასება - უჩვეულოდ პოზიტიური და იმედისმომცემი.  კვლევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ე.წ “teacher index”, რომელშიც მოცემულია მასწავლებლების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობისა და ეფექტიანობის ამსახველი რამდენიმე გრაფიკი და დიაგრამა, ხოლო დასკვნაში წერია: „კვლევის ანალიზით დადგინდა, რომ წარმატებული და თავდაჯერებული მასწავლებლები კლასში მუშაობის დროს გაცილებით ინტენსიურად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ძირითადად, კომპიუტერებს ინტერნეტით და პროექტორებს. ასევე დადგინდა, რომ როცა მასწავლებლების წვდომა სხვადასხვა სახის ინფორმაციულ ტექნოლოგიასთან გარკვეული მიზეზების გამო დაბალია, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი მუშაობის ნაყოფიერებაზე. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ამ კვლევით ნათლად გამოჩნდა პირდაპირპროპორციული კავშირი მასწავლებლების წარმატებულ, ნაყოფიერ მუშაობასა და მათ მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობას შორის.

გარდა ამისა, კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: „ სკოლის მასწავლებლები მთელი ევროპის მასშტაბით უკვე თავიანთ პირად, არასამუშაო დროს აქტიურად უთმობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში თვითგანათლებას და მათი მოტივაცია ნათელია - მოემზადონ უკეთ 21-ე საუკუნის სასკოლო გარემოსთვის. პოლიტიკოსები გონიერებას გამოიჩენენ მაშინ, თუ გამოიყენებენ მასწავლებელთა ამ დიდებულ მოტივაციას და მოამარაგებენ მათ ინფორმაციული ტექნოლოგიის უახლესი, ინოვაციური საშუალებებით.“

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობა თუ თავად გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროპის სკოლებში ძირითადად იყენებენ: კომპიუტერებს, როგორც პერსონალურს ისე ლეპტოპებს.  ასევე სხვადასხვა სახის გაჯეტებს. კომპიუტერებს მასწავლებლები იყენებენ იმისთვის, რომ ჯგუფს მისცენ დავალებები, არამარტო კლასში, არამედ - კლასს გარეთ მუშაობის დროსაც. მასწავლებლები კომპიუტერებს გამოიყენებენ ასევე ვიზუალური თუ აუდიო გამოსახულების გამოსაყენებლად, რაც ერთი-ორად აადვილებს ნებისმიერი საგნის სასწავლი მასალის ათვისებას მოსწავლეების მიერ. ზემოხსენებული გაჯეტები, ისევე როგორც კომპიუტერები, იძლევა იმის საშუალებას, რომ როგორც მასწავლებლებმა, ისე მოსწავლეებმა გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი პროგრამები თუ აპლიკაციები, მაგალითად, როგორიცაა, ყველასთვის ცნობილი Microsoft Word იმისთვის, რომ გააკეთონ ჩანაწერები.  ასევე სპეციალისტების დახმარებით, ან იმ შემთხვევაში თუ კი მასწავლებლებ თავად კარგად ფლობენ მას, მათ შეუძლიათ ასწავლონ სტუდენტებს სხვადასხვა რთული კომპიუტერული პროგრამის გამოყენება, რაც გაცილებით აადვილებს სწავლის პროცესს, ასევე ეხმარება მოსწავლესა თუ მასწავლებელს მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის- დროის დაზოგვასა და გონივრულ განაწილებაში.

მასწავლებლები და მოსწავლეები ასევე იყენებენ სმარტფონების  აკადემიური მიზნებისთვის.  E-learning ძალიან პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში, რადგან იგი  საოცრად მოსახერხებელია და ხელმისაწვდომია ნებისმიერ ადგილას. სმარტფონების საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ აკადემიური ინფორმაციის მოპოვება სპეციალური „საგანმანათლებლო მობილური აპლიკაციების“ საშუალებით.

ევროპის სკოლებში ასევე იყენებენ ე.წ „ჭკვიან დაფებს“ (smart interactive Whiteboards)- ამ დაფებს აქვთ სენსორული ზედაპირი, რაც მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრეზენტაციისა თუ ნებისმიერი მასალის ახსნის დროს კლასში, სპეციალური კალმით მიუთითონ ეკრანზე სასურველ ინფორმაციაზე, დახატონ, დაწერონ მასზე, ასევე გადართონ სლაიდები, მოახლოვონ ეკრანი. დაფაზე მუშაობა ორ ადამიანსაც შეუძლია ერთდროულად.  პროექტორების გამოყენებით შესაძლებელია ამ დაფებზე ვიზუალური ეფექტების შექმნა და როგორც მასწავლებლები ამბობენ, ამით სასწავლო პროცესი გაცლებით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის.

სკოლებში აქტიურადაა გამოყენებული ონლაინ მედიაც. პროექტორის, კომპიუტერის, ინტერნეტისა და ჭკვიანი დაფის დახმარებით მასწავლებელი აჩვენებს, მაგალითად იუთუბის სასწავლო ვიდეოებს, სხვადასხვა თვალსაჩინოებასა და მულტიმედიურ პროდუქტს. ძალიან ხშირად, ისეთი სკოლების მასწავლებლები, სადაც არ არსებობს გამართული და თანამედროვედ აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიები, თვალსაჩინოებათა წარმოსადგენად სწორედ ასეთი სახის ვიდეოებს იყენებენ. რაც საკმაოდ ეფექტურია.

აქვე ალბათ, საინტერესო იქნება, თუ განვიხილავთ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის მაგალითს, რომელიც, რაღა თქმა უნდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსაც უკავშირდება. იგი იმდენად ინოვაციური და საინტერესო აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო მას განიხილავს. 

 სანამ ტექნოლოგიას შევეხებით, მანამდე უნდა ითქვას, რომ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა სრულიად განსხვავებული და უპრეცენდენტო ფენომენია. მაგალითად, ყველა მასწავლებელს მოეთხოვება მაგისტრის ხარისხი და შესაბამისად კონკურენციაც საოცრად ძლიერია, ყველა სკოლას და რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ყველა მოსწავლეს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შედგენილი, ინდივიდუალური მიზნები და ამოცანები აქვს დასახული. ამის პარალელურად კი ფინეთში გადაწყვიტეს, რომ ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელი ნაბიჯი იყო შემდგომი განვითარებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2016 წელს ფინეთის ეროვნული გამოცდა, რომელიც ერთადერთი გამოცდაა სკოლის დამთავრების შემდეგ, უკვე ციფრული გახდა და კომპიუტერებთან ტარდება.  „ფინელ მასწავლებელთა უმრავლესობისთვის სწავლა ნიშნავს გონივრული კავშირის დამყარებას უკვე ნასწავლ მასალასა და იმ ინფორმაციას შორის, რომელიც გონებას ჯერ არ აუთვისებია, ამისთვის კი ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენება საუკეთესო შედეგის მომტანია“ - ამბობს ფინელი მწერალი და განათლების ექსპერტი პასი საჰლბერგი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა ნაწილი კონსერვატორულ დამოკიდებულებას იჩენს და ხშირად უნდობლობას უცხადებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს სკოლებში, ნელ-ნელა ყველასთვის ნათელი ხდება, რომ მასწავლებელი უნდა იქცეს იმ ადამიანად, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება, მოსწავლეთა ძალები და რესურსები მიმართოს ცნობისმოყვარეობისა და ახლის გაგების სურვილისკენ, აამაღლოს მათი მოტივაცია და რაც მთავარია, დაეხმაროს მათ იმის გარკვევაში, რა უნდათ, რომ აკეთონ ცხოვრებაში.  ბოლო რამდენიმე წელია რაც ფინური სკოლები აქტიურად იყენებენ კომპიუტერებს, „ჭკვიან დაფებს“, მოსწავლეებს ინდივიდუალურად დააქვთ სკოლებში აიპადები, ტაბლეტები, ელექტრონული წიგნები. კურიკულუმში განსაზღვრული მასალის დიდი ნაწილი სწორედ ელექტრონულ წიგნებზეა გათვლილი.

საქართველოს საგარეო კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული, ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიული რეფორმებით გავაუმჯობესოთ სოციალური, ეკონომიკური პირობები, განვავითაროთ სხვადასხვა ინსტიტუცია და საბოლოოდ გავხდეთ ძლიერი დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო.  ამ ყველაფრის მისაღწევად კი ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი გზა სწორედ განათლებაზე გადის. განათლების საძირკველი კი სწორედ სკოლაა, ადგილი, სადაც მოსწავლეები საბაზისო ზოგად განათლებას იღებენ, ამისთვის კი აუცილებელია, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიტმს. ჩვენს საუკუნეში განვითარება და ტექნოლოგიები ურთიერთგადაჯაჭვული ცნებებია, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ენიჭება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული ტექნიკური ბაზები არც თუ ისე მოუწესრიგებელია, სკოლათა უმრავლესობას აქვს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და პროექტორები, ხოლო სხვადასხვა ქალაქის 77 სკოლაში მოწყობილია ე.წ „მომავლის კლასი“.

ზემოხსენებული ,,მომავლის კლასები“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და თოთხმეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას  უზრუნველყოფს.  ”მომავლის კლასებიდან“  საქართველოს მასშტაბით არსებულ  ყველა ”მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს, მონიტორის საშუალებით  თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს  მათ კომენტარი.

მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის  გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნეს ვირტუალური ლაბორატორიები და  სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები). მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის  საშუალებას იძლევა.“ - ასეთია „მომავლის კლასის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული აღწერილობა.

მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებულისა, მთავარია, რამდენად ეფექტიანად იყენებენ სკოლებში არსებულ, თუნდაც „მომავლის კლასების“ ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებს მასწავლებლები თუ მოსწავლეები. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.  ინფორმაციული ტექნოლოგიის როლი ქართულ სკოლების სწავლა-სწავლების რეალობაში ძალიან მცირეა. მასწავლებლები ძირითადად არ იყენებენ არსებულ კომპიუტერებსა თუ ლეპტოპებს გაკვეთილებზე, მხოლოდ ძალიან იშვიათად იყენებენ პროექტორს, მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე, რაიმე მცირე დოკუმენტური ფილმის საჩვენებლად. მასწავლებლები არ აძლევენ დავალებებს მოსწავლეებს არც ერთი ზემოთ აღწერილი საშუალებით გამოყენებით, რომლებიც ევროპის სკოლების მაგალითზე გამოვიყენე, ძირითადად არ არსებობს სკოლის ან კლასის ვებ-გვერდი, სადაც შედგება ინტერაქცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, სადაც განთავსდება კლასს გარეთ შესასრულებელი დავალებები, ან რომელიმე პროგრამის გამოყენებით მასწავლებელი საკონტროლო წერებს ჩაატარებს, როგორც კლასში, ისე მის გარეთ.  სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ, დასვან შეკითხვები დავალებებთან დაკავშირებით და მარტივად, დროულად მიიღონ პასუხები მასწავლებებისგან. კლასში ნებისმიერ საგანში ახალი მასალის ახსნის დროს თითქმის არ იყენებენ ონლაინ მედიას, Youtube-ს საგანმანათლებლო არხებსა თუ სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის მომზადებულ საგანმანათლებლო მულტიმედიას, მით უმეტეს, ჩვენი სკოლების რეალობა ისეთია, რომ თითქმის არ არსებობს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ლაბორატორიები, ძალიან დიდი იშვიათობაა სპეციალურად რომელიმე საგნისთვის აღჭურვილი ისტორიის, გეოგრაფიის, ინგლისურის თუ სხვა საგნების რესურს ოთახები. ამ დროს კი ზემოთ ნახსენები ონლაინ მედია ნამდვილად ხელსაყრელი და მოსახერხებელი საშუალება ჩანს.  მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ძალიან დიდ ნაწილს აქვს სმარტფონები, პლანშეტები თუ აიპადები, ისინი მათ სასწავლო პროცესში, აკადემიური მიზნებით ნაკლებად იყენებენ, მათი მოხმარების ზღვარი კარგ შემთხვევაში შემოიფარგლება  მხოლოდ დაგუგვლით, სხვა დანარჩენი, ის,რაც ზემოთ განვიხილე, ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ინტერაქცია, მასწავლებელთა აქტიურობის გარეშე, მოსწავლეები ხსენებულ ტექნოლოგიას მარტო ვერ გამოიყენებენ ეფექტურად. რაც შეეხება „მომავლის კლასებს“, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ასევე თითქმის გამოუყენებელია ეს რესურსები. აქ ძირითადად ე.წ „ღია გაკვეთილები და პრეზენტაციები ტარდება, ისიც იმისთვის, რომ კარგ გარემოში სურათები გადაიღონ და შემდეგ facebook გვერდზე ატვირთონ, არ იყენებენ ინტერაქტიულ „სმარტდაფებს“, არ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, არც აუდიო-ვიზუალურ რესურსებს იყენებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის პროცესში.

საბოლოო ჯამში, როგორც უკვე აღინიშნა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საკვანძო როლი აკისრია თანამედროვე მსოფლიოს წამყვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა ჯერ კიდევ არცთუ სახარბიელოა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, ცხადია, ხელს უწყობს ამ მიმართულებით გარემოს გაჯანსაღებასა და განვითარებას, თუმცა რეალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობის დადებითი მხარეები და უკეთ გამოიყენოს უკვე არსებული რესურსები სასწავლო პროცესში.