background

ისტორია

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარების შეუქცევადმა პროცესმა საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა - დღესდღეობით რომელიმე სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების გარეშე. ამასთან, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება გულისხმობს არამარტო გარკვეული სახის ინფრასტრუქტურის მობილიზებასა და განვითარებას, არამედ ე.წ. „ინფორმაციული საზოგადოების“ შექმნასა და ამ გლობალურ ქსელში ქვეყნის სრულფასოვნად ჩართვას, რაც, ცხადია, წარმოუდგენელია მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ძალისხმევის ხარჯზე.

სამწუხაროდ, საქართველოში ზემოხსენებული კუთხით მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა - სხვადასხვა სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვისა და გამოყენების პროცესი გარკვეულწილად დაწყებულია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ პროცესში ჩართულობა საკმაოდ დაბალია. მეტიც,  არასამთავრობო სივრცეში ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ხსენებული პრობლემების მოგვარებასა და საზოგადოების ამ მიმართულებით განვითარებაზე იზრუნებდა. სწორედ ამიტომ, 2016 წლის სექტემბერში შეიქმნა ა(ა)იპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი“ (IDIT).

დაარსებიდან დღემდე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტმა უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები არსებული ვითარების გამოსასწორებლად, თუმცა, რასაკვირველია, ძირეული ცვლილებების მოსახდენად საჭიროა კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის გაწევა. შესაბამისად, დღეს IDIT-ისთვის მთავარ გამოწვევას უკვე არსებული სასიკეთო ცვლილებების მასშტაბების გაზრდა და მნიშვნელოვანი აქტივობების პოზიტიური გავლენის მთელ საზოგადოებაზე გავრცელება წარმოადგენს.