background

14 მაისს IDIT-იმ კონფერენცია "შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში" ჩაატარა

15 მაის 2017

14 მაისს, ა/ო „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDIT) და პროექტ „კალდრას“ თანაორგანიზებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ტექნოპარკში გაიმართა კონფერენცია „შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში“.

ღონისძიება IDIT-ის პროექტ „ციფრული მთავრობის“ (Digitalgov) საპილოტე ვერსიის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ონლაინსივრცეში ინტეგრაციის საკითხის აქტუალიზაციასა და ამ პრობლემის გადაჭრის ტექნიკური გზების მოძიებას.

კონფერენცია IDIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გვასალიამ გახსნა, რომელმაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზოგადი სტანდარტებისა და ქართულ ვებსივრცეში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, ამასთან კი მოახდინა ორგანიზაციის „ხმოვანი ვებგვერდის“ პრეზენტაცია, ხოლო პირველი პანელის მეორე სპიკერის, ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის მოხსენება ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასა და ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ კონკრეტულ ქეისებს ეხებოდა.

შესვენების შემდეგ კონფერენცია  განახლდა დისკუსიით უშუალოდ ტექნოლოგიური საკითხების შესახებ. პროექტ „კალდრას“ ავტორმა, პროგრამისტმა ელენე ლაცოშვილმა წარმოადგინა მოხსენება სათაურით - „ვები მათთვის, ვინც უსმენს - ბლოგების ადაპტირებული სისტემა“ და ისაუბრა იმ ძირითად მახასიათებლებზე, რომლებიც დეველოპერებმა უსინათლო მომხმარებლებისთვის ვებგვერდის/ონლაინპროდუქტის შექმნისას უნდა გაითვალისწინონ. მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროგრამისტის, ბექა გოზალიშვილის სასაუბრო თემა გახლდათ „მეტყველების სინთეზი“ და მოიცავდა უსინათლო პირთათვის მეტყველების სინთეზატორის შექმნის თავისებურებებს, ქართულ რეალობაში ამგვარი პროგრამების განვითარების ისტორიასა და ამჟამად არსებულ ვითარებას. რაც შეეხება პანელის მესამე სპიკერს - კომპანია Circle-ის დეველოპერის, ალექსანდრე ხუციშვილის მოხსენება უმეტესწილად ადაპტირებული საიტების დეველოპმენტს, სინთეზატორების მუშაობის სპეციფიკასა და დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფისა თუ პერიფერული მოწყობილობების გამოყენებას შეეხებოდა.

კონფერენციას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიება საინტერესო გარემოში წარიმართა - აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში და სპიკერთა მისამართით არაერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა დაისვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში“ ხსენებული პროექტის საპილოტე ვერსიის მხოლოდ საწყისი ეტაპია და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომავალშიც იგეგმება.