background

2016 წლის საუკეთესო ანტივირუსები

8 თებ 2017

ანტივირუსების გამომცდელი ორი წამყვანი კვლევითი სააგენტოს მიერ 2016 წელს გამოსული პროდუქტების შეფასების შედეგად დამოუკიდებლად გამოვლინდა წლის ორი საუკეთესო ანტივირუსი - AV-Comparatives-მა გამორჩეულად Avira დაასახელა, ხოლო AV-Test-მა - კომპანია Symantec-ის პროდუქტი, Norton. მიუხედავად ამისა, შეფასების პროცესს კვლავ ახლდა აზრთა სხვადასხვაობა, რაც Symantec-ის გადაწყვეტილებამ გამოიწვია - კომპანიამ ამჯერადაც უარი განაცხადა AV-Comparative-ისთვის საკუთარი პროდუქტის შესაფასებლად გადაცემაზე.

სხვა მხრივ, გამარჯვებულთა გამოვლენასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა: AV-Test-მა ნორტონის უსაფრთხოების 2016 წლის სისტემა მომხმარებელთათვის ვირუსებისგან თავდაცვის საუკეთესო პროდუქტად მიიჩნია, ხოლო AV-Comparatives-მა ხსენებული წოდება Avira მიანიჭა, რომელსაც შეფასების იერარქიაში მცირედით ჩამორჩნენ Bitfender და Kaspersky.

რატომ აქვს ყოველივე ზემოხსენებულს მნიშვნელობა? ცხადია, საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს არ სურს, საკუთარი მონაცემების უსაფრთხოებით გარისკვა და მავნებელ ვირუსებზე ანტივირუსული პროგრამების დამოუკიდებლად გამოცდა. სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული კვლევითი სააგენტოები ამგვარ გამოცდას სპეციალურ, ლაბორატორიულ პირობებში ატარებენ. მიუხედავად ამისა, AV-Compatartives-ისა და AV-Test-ის რჩევების სრულ ჭეშმარიტებად მიღება აუცილებელი სულაც არ არის, რადგან ამ შემთხვევაში მკვლევრები არ ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა პროგრამების გამოყენების მოხერხებულობა ან მათი ღირებულება, თუმცა კვლევის შედეგად მიღწეულმა „აღმოჩენებმა“, შესაძლოა, მომხმარებლებს მაინც გაუადვილოს არჩევნის გაკეთება.

 

კარგ სიახლეს წარმოადგენს კვლევის შედეგად დადგენილი ერთი გარემოება - ანტივირუსების მწარმოებელი 19-ვე კომპანია, რომელმაც AV-Comparatives-ს საკუთარი პროგრამები შესაფასებლად მიაწოდა, შეფასდა, როგორც „უსაფრთხოების დამტკიცებული სტანდარტების მქონე“ და „პერსონალური კომპიუტერებისთვის მისაღები თავდაცვის უზრუნველმყოფელი.“ მათ შორის, შეფასდა მაიკროსოფტის მიერ საკუთარ სისტემაში დანერგილი Free Windows Defender-იც, რომელიც სპეციალისტებმა სხვა პროდუქტებთან შედარების ერთგვარ ეტალონადაც გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ Avira წლისა საუკეთესო პროდუქტად დასახელდა, Bitfender-მა და Kaspersky-მ ტესტებში იმდენად მაღალი შედეგები აჩვენეს, რომ AV-Comparatives-მა ცალკე კატეგორია შექმნა ამ პროგრამების მაღალი ხარისხის ხაზგასასმელად - „2016 წლის გამორჩეული პროდუქტები“. შესაბამისად, სააგენტოს მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სამივე ამ პროგრამას საუკეთესოდ შეუძლია პერსონალური კომპიუტერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ მაღალი შედეგების ჩვენებისთვის ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიაში კიდევ რამდენიმე ისეთმა პროდუქტმა დაიმსახურა, როგორებიცაა Emsisoft, ESET, Tencent და ThreatTrack VIPRE.

შედეგების შეჯამებისას AV-Comparatives-ის სპეციალისტებმა პროგრამები თავდაცვის 5 ასპექტის გათვალისწინებით შეაფასეს: რეალური ვირუსის აღმოჩენა და მისი გარჩევა საჭირო პროგრამებისგან;  ვირუსის წაშლა; თავდაცვისა და ვირუსის წაშლის გავლენა კომპიუტერის ფუნქციონირებაზე; პროგრამების ფუნქციონირება რეალურ (ლაბორატორიის გარეთ არსებულ) პირობებში.

ამასთან, AV-Comparatives-მა გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით დაასახელა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი სურვილით გადაწყვიტოს, თუ რომელი პროდუქტის ძლიერი მხარეებია მისთვის უფრო პრიორიტეტული. მაგალითად, პროგრამების ფუნქციონირების რეალურ პირობებში გამოცდისას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Bitfender-მა დააფიქსირა (ვირუსების დაბლოკვის 99.9%), ხოლო ანალოგიურ შედეგს მიაღწია Trend Micro-მაც. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი საუკეთესოდ იმის გამო არ დასახელდა, რომ როგორც აღმოჩნდა, Micro რეალურად საჭირო და სასარგებლო პროგრამების შედარებით დიდ ნაწილს აღიქვამდა ვირუსად (უშვებდა აღქმით შეცდომას).  კერძოდ, Trend Micro-ს მხრიდან 67 ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც Bitfender-ის მხრიდან - 0.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ AV-Comparatives-ის ტესტირებაში Symantec-ის „გამოკლება“ უჩვეულო მოვლენა სულაც არ არის. კომპანია ტესტირებაში მონაწილეობაზე უარს 2012 წლიდან აცხადებს. სწორედ ამ პერიოდში კომპანიის პრეს-სამსახურებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, AV-Comparatives ვერ სთავაზობდა Symantec-ს ტესტირების იმგვარ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც კომპანიის პროდუქციის რეალურ სამყაროში ფუნქციონირების შესაძლებლობები დადგინდებოდა:

„ჩვენი მიდგომა ისეთ ტესტირებებში მონაწილეობას გულისხმობს, რომლებსაც  შედარებით მაღალი რელევანტურობა და მომხმარებლებისთვის გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტესტირებები ზუსტად უნდა ასახავდეს თავდაცვისთვის რეალურად საჭირო შესაძლებლობებს და საფრთხეებს.“ - აღნიშნული იყო კომპანიის განცხადებაში.

თავის მხრივ, საუკეთესო პროდუქტები განსხვავებულ კატეგორიებში გამოავლინა AV-Test-მაც. „საუკეთესო თავდაცვის“ ჯილდო Norton-ს გადაეცა, თუმცა კასპერსკიმ „საუკეთესო პერფორმანსისა“ და „საუკეთესო გამოყენებადობის“ წოდებები დაიმსახურა, ხოლო Avira გამოირჩა, როგორც „საუკეთესო აღმდგენი პროგრამა“, რომლის გამოყენებაც ყველაზე ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუკი კომპიუტერი უკვე დავირუსებულია.

გარდა ამისა, AV-Test-მა საკუთარი კვლევების უფრო დაწვრილებითი დეტალებიც გამოაქვეყნა. მაგალითად, სააგენტომ დაადგინა, რომ Windows 10-ისთვის საუკეთესო დაცვის შემოთავაზება Avira-ს, Bitfender-ს, Kaspersky-ს, Quick Heal-სა და Trend Micro-ს შეუძლიათ. ამასთან, ანტივირუსული პროგრამები დაიტესტა შედარებით ძველ ოპერაციულ სისტემებზეც, მაგალითად, Windows 7-ზე.

საბოლოო ჯამში, ანტივირუსული პროგრამების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კონკრეტული პერსონალური კომპიუტერისთვის შესაფერისი პროდუქტის შერჩევა მომხმარებელთათვის კვლავაც რთულ ამოცანად რჩება. ამასთან, ეს ამოცანა მუდმივად განახლებადი და „მოძრავია“: ვირუსები ვითარდება, ისევე როგორც - მათთან ბრძოლის მეთოდები, თუმცა თუკი გსურთ იცოდეთ, რომელი ანტივირუსული პროგრამებია საუკეთესო დღესდღეობით, ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაციის დახმარებით ამ ურთულეს შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნაწილობრივ მაინც ხდება შესაძლებელი. 

წყარო: http://www.pcworld.com/