background

კიბერდანაშაულების სტატისტიკა საქართველოში

27 თებ 2017

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაფიქსირდა სრულმასშტაბიან ომში კიბერთავდასხმების აქტიურად გამოყენების პირველი პრეცედენტი, რამაც დიდწილად გამოიწვია კიდევაც საქართველოში კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემატიკის აქტუალიზაცია - ხელისუფლებამ ნათლად დაინახა ამ კუთხით უფრო აქტიური საქმიანობის აუცილებლობა. 2012 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი - კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით კიბერკრიმინალური ინციდენტების გამოძიებაზე. ამავე დროს, ხსენებული სამმართველო წარმოადგენს მუდმივ საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამყარებს კავშირს საერთაშორისო სამართალდამცავ სტრუქტურებთან.

სწორედ ამავე პერიოდიდან დაიწყო საქართველოში კიბერდანაშაულების სტატისტიკის წარმოებაც. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი დაინტერესდა ქვეყნის მასშტაბით წლების განმავლობაში რეგისტრირებული კიბერდანაშაულების, კერძოდ, გახსნილი და გაუხსნელი საქმეების რაოდენობით და ამ მიზნით ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა, დამუშავებული მონაცემების მიღების შემდეგ კი საზოგადოებისთვის ისინი ვიზუალური თვალსაჩინოებების სახით წარმოადგინა. 

ზემოთ მოცემულ ინფოგრაფიკებზე ასახული სტატისტიკა, ცხადია, არცთუ სახარბიელოა - რეგისტრირებული ინციდენტების, ისევე როგორც გაუხსნელი კიბერდანაშაულების რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც წლების განმავლობაში გამოიხატა არამარტო იდენტიფიცირებული ინციდენტების, არამედ გახსნილი საქმეების რაოდენობის მკვეთრი ზრდით. სწორედ ამიტომ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს მონაცემების მოწოდებისთვის, ხოლო კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს - ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით დაუღალავი მუშაობისთვის.

მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების ძალისხმევა საკმარისი არ არის - საჭიროა საზოგადოების თითოეულმა წევრმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და ინფორმაციული უსაფრთხოების თუნდაც მინიმალური ნორმების დამოუკიდებლად დაცვის საჭიროება, რაც მომავალში უთუოდ გამოიღებს სასურველ შედეგს.