background

ID ბარათი არ არის ეშმაკის მანქანა

17 მარ 2017

ID ბარათი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დამზადებულია პლასტმასისგან და აქვს სტანდარტული ზომა, ისეთივე როგორიც, მაგალითად, საბანკო პლასტიკურ ბარათებს. ID ბარათი ვიზუალურად შემდეგ ინფორმაციას შეიცავს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სურათი, ხელმოწერა.  ID ბარათებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს.

უმთავრესი, რითაც აღნიშნული ბარათი განსხვავდება პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტებისგან, ეს არის მისი ელექტორნული შესაძლებლობები, რომლებიც მასზე დატანილი ინტეგრირებული სქემის წყალობით აქვს.

ID ბარათი ჯობია პირადობის დამადასტურებელ ძველ დოკუმენტებს, რადგან:

  1. ფიზიკურად გაცილებით უფრო მდგრადი და გამძლეა.
  2. მეტად მოსახერხებელი დიზაინი აქვს.
  3. აქვს ფიზიკური გაყალბებისგან დაცვის თანამედროვე საშუალებები
  4. აქვს ელექტრონულად დატანილი ინფორმაციის გაყალბებისგან დაცვის თანამედროვე საშუალებები.ა
  5. შეუძლია დოკუმენტის ავტომატური წაკითხვა კომპიუტერულ სისტემაში.
  6. აქვს დოკუმენტის ინფორმაციის მფლობელის ნებართვის გარეშე წაკითხვისგან დაცვის თანამედროვე საშუალებები.

ID ბარათის მფლობელები დაცული არიან თანამედროვე ტექნოლოგიების სრული სპექტრის გამოყენებით,  

ასევე მის მფლობელს, განსხვავებით არაელექტრონული დოკუმენტების მფლობელებისგან, საშუალება აქვს სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში უფრო სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.

ID ბარათი მინიატურული კომპიუტერია, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია არც მონიტორი, არც კლავიატურა, მას აქვს ინფორმაციის საცავი და შეუძლია მცირე რაოდენობის ოპერაციის შესრულება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა გარედან ელექტროენერგია მიეწოდება კონტაქტური ან უკონტაქტო წამკითხველის საშუალებით.

ამ დროისათვის ბარათზე წერია შემდეგი ინფორმაცია:

1. მოქალაქის პირადი მონაცემები: იგივე, რაც ვიზუალურადაა გამოსახული ბარათზე.

2. კრიპტოგრაფიული მოდული: ონლაინ-იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის განხორციელებისათვის.
 

3. ზოგადი გამოყენების ზონა, რომელიც წვდომადია უკონტაქტო ინტერფეისიდან და ძირითადად განკუთვნილია სხვა კომპანიების მონაცემებისათვის. მაგალითად, იგეგმება ამ ზონაში მეტროსა და ავტობუსის საგადახდო ბარათების ინტეგრირება.
 

ID ბარათზე ძირითადი ინფორმაციის ჩაწერა ხდება გამცემი ორგანოს მიერ. დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია ზოგადი გამოყენების ზონაში, მხოლოდ გამცემი ორგანოს ნებართვით.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ფართო შესაძლებლობებისა, ID ბარათი საკმაოდ შეზღუდული პროცესორული რესურსისა და მეხსიერების მატარებელია, ამიტომ მის მეხსიერებაში ინფორმაციის ხშირი ცვლა არ არის რეკომენდირებული, შესაბამისად, არასასურველია, ბარათზე ჩაიწეროს მისი მფლობელის სრული სამედიცინო ისტორია, მოძრაობის მარშრუტი, ოჯახური, პოლიტიკური, სამსახურეობრივი მდგომარეობა და ა.შ  ბარათზე შესაძლებელია ჩაიწეროს ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად: სისხლის ჯგუფი ( სასწაფო დახმარების ეკიპაჟისთვის საგანგებო სიტუაციაში საქმის გასაადვილებლად), თვალის ფერი, სიმაღლე - პოლიციის მიერ პირადობის შემოწმებისას მეტი სიზუსტისთვის და თითის ანაბეჭდი - პიროვნების იდენტიფიკაციის გაადვილებისთვის განსაზღვრულ ადგილებში, მაგალითად, აეროპორტში.

რამდენიმე ქვეყნის ID  ბარათები შეიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას, მაგრამ საქართველოში ამ ტიპის ინფორმაცია ID ბარათებზე დღეს არ იწერება.

საბოლოოდ, ID ბარათი ის საშუალებაა, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს მანამდე ძალიან რთულსა და კომპლექსურ ოპერაციებს, რომელთა შესრულებაც ყოველდღიურად გიწევთ საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში. ID ბარათი ასევე კარგი საშუალებაა იმ ძალიან ძვირფასი რესურსის დაზოგვისთვის, როგორიც არის დრო.

რაც მთავარია, ID ბარათს არანაირი კავშირი არ აქვს არამიწიერ ბოროტ ძალებთან, მასში არ არის „ჩამონტაჟებული“ ეშმაკის ჩიპი, რომელიც ბარათის მფლობელს სხეულში ჩაუხტება და მას დაეპატრონება.