background

დღეს მსოფლიოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე აღინიშნება

28 იან 2017

28 იანვარს მსოფლიოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე აღინიშნება, რაც მიზნად ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავს. ამ დღეს ამჟამად აღნიშნავენ აშშ-ში, კანადაში, ინდოეთსა და 47 ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის - საქართველოშიც.

თავდაპირველად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის დაწესება ევროსაბჭოს ინიციატივას წარმოადგენდა, რის შედეგადაც 2007 წელს ევროპის მონაცემთა დაცვის დღე აღინიშნა. მოგვიანებით, 2009 წელს ხსენებული დღის დაწესების ინიციატივა განიხილა როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა, საბოლოო გადაწყვეტილება კი სწორედ 28 იანვარს იქნა მიღებული. 2009 წელსვე 28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღედ აღიარა მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ზემოხსენებული ქვეყნების უმრავლესობამ.

ყოველწლიურად 28 იანვარს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მისი დაცვისთვის მისაღებ აუცილებელ ზომებს შეეხება. წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ: https://staysafeonline.org/data-privacy-day/about

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანსაც დაარსების დღიდან სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიების მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვა, ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო სექტორის გააქტიურება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ორგანიზაციაც შეიტანს საკუთარ წვლილს საქართველოში ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების განვითარებაში. 

გილოცავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს!