უკან დაბრუნება

Facebook-ის ბავშვებზე ფოკუსირებული მესენჯერი

2 მაისი 2020
Facebook-ის ბავშვებზე ფოკუსირებული მესენჯერი

რამდენიმე დღის  წინ Facebook-მა დაანონსა საბავშვო მესენჯერის აპლიკაციის გაშვება 70 ახალი ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, აღნიშნული აპლიკაცია ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. გარდა ახალი ქვეყნებისთვის წვდომის მიცემისა, ასევე გაცხადდა გარკვეული ცვლილებები, რომლებიც შევიდა აპლიკაციის მუშაობის პრინციპში.  

თავდაპირველად აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო აშშ-ში (2017 წლიდან), კანადასა და პერუში (2018 წლიდან). Facebook-ის განცხადებით ქვეყნების დიდი ოდენობისთვის წვდომის მიცემის პროცესი დაჩქარდა COVID-19 პანდემიის გამო. ბავშვებს, მთელ მსოფლიოში, უწევთ სახლში დარჩენა და დისტანციურად სწავლა, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მათ დაცვას კიბერ საფრთხეებისაგან.  

Facebook-მა ასევე განაახლა სერვისით სარგებლობის პრინციპი ბავშვებისა და მშობლებისათვის. მშობლებს შეუძლიათ ნება დართონ ბავშვებს თვითონ გააკონტროლონ ‘’მეგობრობის თხოვნები’’, ნაცვლად იმისა, რომ თავად აკონტროლონ თითოეული ასეთი შემთხვევა. თუმცა, მშობლები კვლავ მიიღებენ შეტყობინებას ყველა იმ შემთხვევაზე როდესაც ბავშვი მეგობარს დაიმატებს და ექნებათ შესაძლებლობა ჩაერიონ ან აკრძალონ ნებისმიერი მსგავსი კავშირი. 

იცვლება ასევე ჯგუფური ჩატის მუშაობის პრინციპი: მშობლებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ ზრდასრული პირები (მასწავლებელი, მწვრთნელი  და ა.შ.), რომლებსაც ექნებათ უფლება დაარეგულირონ ჯგუფური ჩატები. ასევე, მშობლებს შეეძლებათ აირჩიონ, სურთ თუ არა თავიანთი შვილების სახელები და პროფილის ფოტოები გახსნან მეგობრების მეგობრებისთვის აშშ-ში, კანადასა და ლათინოამერიკაში. 

Facebook-ის ბავშვებზე ფოკუსირებული სერვისები არაერთხელ გამხდარა დისკუსიის და კრიტიკის საგანი წარსულში. შარშან გაპარული შეცდომა ბავშვებს აძლევდა საშუალებას მშობლის თანხმობის გარეშე შეექმნათ ჯგუფური ჩატები ისეთ პიროვნებებთან, რომელთა ჩატში დამატებაზე თანხმობა მშობლებს არ გაუციათ. ამ პრობლემისგან გამოწვეულმა სკანდალმა კონგრესის ყურადღებაც კი მიიპყრო და სენატორები აქტიურად მოუწოდებდნენ Facebook-ს უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა უსაფრთხოებაზე და პერსონალური მონაცემების დაცვაზე. 

Messenger Kids მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 22 აპრილიდან. თუმცა, გარკვეული ფუნქციები (მათ შორის, ჯგუფურ ჩატთან დაკავშირებული ცვლილებები) პერიოდულად გახდება ხელმისაწვდომი. როგორც უკვე აღინიშნა, სამწუხაროდ, საქართველოს ჯერჯერობით არ გააჩნია წვდომა აღნიშნულ სერვისთან.  
 

*მომზადებულია theverge.com-ის მიხედვით.