უკან დაბრუნება

რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ სერვისების გამოყენებისას

18 დეკემბერი 2016
რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ სერვისების გამოყენებისას

მსოფლიოში ერთერთი გიგანტი კომპანიის სერვერზე ჰაკერების შეღწევამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ონლაინ სერვისების მოხმარების რისკები. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა Yahoo-ს მილიარდზე მეტი ანგარიში გატეხეს. მოიპოვეს ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღები, პაროლები. Yahoo გვაიმედებს, რომ არ მოუპარავთ საკრედიტო ბარათის მონაცემები. ეს არ არის პირველი კიბერ თავდასხმაYahoo-ზე. ზოგადად, მსგავსი ტიპის კიბერ-თავდასხმები საკამოდ ხშირად გვხვდება ყოველდღიურობაში და ბოროტმოქმედთა ინტერესები მხოლოდ დიდი კომპანიებით არ შემოიფარგლება. ამდენად, აუცილებელია ონლაინ უსაფრთხოების წესების ცოდნა ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT) გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ გახადოთ თქვენი ანგარიშები უფრო უსაფრთხო:

შეადგინეთ რთული პაროლი

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გამოიყენოთ რთული პაროლი. სასურველია გაითვალისწინოთ ქვევით ჩამოთვლილი რეკომენდაციები პაროლის შედგენისას. გამოიყენეთ კომბინაცია რომელიც შედგება:

  • პატარა ასოების;
  • დიდი ასოების;
  • ციფრების;
  • პუნქტუაციის ნიშნების;
  • სპეციალური სიმბოლოებისგან (მაგ: @#$%^&*()_+|~-=\`{}[]:";'<>/).

პაროლი არ უნდა შედგებოდეს ისეთი სიტყვისგან, როგორიცაა:

  • ოჯახის წევრების, შინაური ცხოველების, თანამშრომლების სახელები;
  • მოწყობილობების და მათი მწარმოებელი კომპანიების დასახელებები, ვებ-საიტების, კომპანიების და პროგრამული უზრუნველყოფის დასახელებები;
  • დაბადების ან სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები;
  • ასო-ნიშნები პროგრესული მიმდევრობებით (მაგ: asdfg, qwerty, 123321)
  • ყველა ზემოთხსენებული სიტყვა, რომელსაც მოსდევს ან წინ უსწრებს ციფრი (მაგ: secret1, 1secret

თუ მომხმარებლისთვის მსგავსი პაროლის დამახსოვრება რთულია, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პაროლის შენახვის ონლაინ საშუალებები, როგორებიცაა 1password.com, www.lastpass.com, რომელთაც გააჩნიათ რთული პაროლის გენერირების და უსაფრთხოდ შენახვის საშუალებები.

თუ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონლაინ სერვისზე რომელითაც თქვენ სარგებლობთ განხორციელდა კიბერ შეტევა, აუცილებელად შეცვალეს პაროლი უმოკლეს დროში.

გაააქტიურეთ 2 ფაქტორიანი ავტორიზაცია

პოპულარულ ონლაინ სერვისები, როგორებიცაა Gmail, Facebook, Linkedin, და სხვ. ანგარიშის უსაფრთხობისთვის იყენებენ ორფაქტორიანი (2FA) ავტორიზაციის სხვადასხვა მეთოდებს, რაც გულისხმობს მომხმარებლის სახელის და პაროლის დამთხვევის შემთხვევაში დამატებითი, შემთხვევით გენერირებული კოდით დაადასტურებას, რომელიც იგზავნება sms-ის სახით ან გენერირდება დამატებითი აპლიკაციის საშუალებით. მხოლოდ აღნიშნული დამატებითი კოდის სწორად შეყვანის შემდეგაა შესაძლებელი ავტორიზაციის წარმატებით დასრულება. ამ სერვისის გამოყენება უფრო დაცულს ხდის თქვენს ანგარიშს და თქვენი პაროლის და მომხარებლის სახელის მოპარვის შემთხვევაშიც ბოროტმოქმედი ვერ მოიპოვებს წვდომას მასზე.

დააკვირდით HTTPS მწვანე ზოლს, ბოქლომის სიმბოლოს

თუ ახორციელებთ ონლაინ გადარიცხვებს ან დაკავებული ხარ ონლაინ შოპინგით, აუცილებელია გაითვალისწინოთ საიტის რეპუტაცია, საიდანაც  ცდილობთ პროდუქციის შეძენას. დააკვირდით, ვებ გვერდს აქვს თუ არა HTTPS-ის მწვანე ბოქლომის სიმბოლო საიტის მისამართის მარცხენა კუთხეში. აღნიშნული დაცვის მეთოდი უზრუნველყოფს გადარიცხვის უსაფრთხო მიმოცვლას ბანკსა და ვებგვერდს შორის. სასრუველია მოერდიდოთ გევრდებს, რომელთაც არ გააჩნიათ HTTPS მხარდაჭერა.

შეამოწმეთ ვებ-გვერდის მისამართის ავთენტურობა

პირადი ინფორმაციის მოპოვების ერთერთი საშუალება არის ე.წ. ‘’ფიშინგი’’, ანუ ყალბი ვებ-გვერდის შექმნა, რომლის სახელწოდებაც ჰგავს რომელიმე ცნობილი ვებ-გვერდისას. მაგ.: ბოროტმოქმედი ქმნის ვიზუალურად ავთენტურ გვერდს და ათავსებს მისამართზე  Facebook.asd.com, რომლის გახსნის და მონაცემების შეყვანის შემთხვევაში თქვენი მონაცემები (პაროლი და მომხარებლის სახელი) ხვდება საიტის შემქმნელის (ბოროტმოქმედის) ხელში. მსგავსი ლინკები ხშირად ვრცელდება, როგორც სოციალური ქსელებით, ასევე ელ-ფოსტით. ამდენად, აუცილებელია ყურადღებით დავაკვირდეთ ვებ-გვერდის მისამართს. 

მართალია ასი პროცენტით დაცული ინტერნეტ სივრცე არ არსებობს, მაგრამ ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ ბოროტმოქმედებს დამატებით თავსატეხს უჩენთ და რაც მთავარია იცავთ საკუთარ მონაცემებს. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად იყოთ ინფორმირებული ინტერნეტ სივრცეში არსებული გამოწვევებისა და სააფრთხეების შესახებ.