უკან დაბრუნება

ტრამპის სამომავლო კიბერ პოლიტიკა და დიდი პერსპექტივები

17 იანვარი 2017
ტრამპის სამომავლო კიბერ პოლიტიკა და დიდი პერსპექტივები

როგორი იქნება აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა თავდასხმითი კიბერ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით? ტრამპისა და მისი გუნდის წარმომადგენლების წარსულში გაკეთებული განცხადებების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება ორი ძირითადი პერსპექტივის არსებობა: შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ უფრო აგრესიული კიბერ პოლიტიკის ადაპტაცია მოახდინოს, რაც გამოიწვევს კიბერ შეიარაღებაში სახელმწიფოთა შორის შეჯიბრების გამწვავებასა და მისი ტემპის ზრდას, თუმცა არსებობს მოვლენების ალტერნატიული განვითარების სცენარიც - არ არის გამორიცხული, ახალმა პრეზიდენტმა ნაკლები ყურადღება მიაქციოს კიბერ ალიანსებს და ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა ქცევის დარეგულირებას. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ინფორმაციული ქსელი აშშ-ისთვის კიდევ უფრო საშიშ სივრცედ იქცეს.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა კიბერთავდასხმითი ტექნოლოგიების უფრო მზარდი განვითარებისთვის, ვიდრე ეს ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ იგი მიზნად დაისახავს „როგორც კიბერთავდასხმითი, ასევე თავდაცვითი კუთხით აშშ-ის სამხედროების მსოფლიოს უძლიერეს ძალად ქცევას“. ამასთან, იმ დროისათვის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „აშშ უნდა ფლობდეს საპასუხო კიბერ თავდასხმების განხორციელების სერიოზულ შესაძლებლობას“ და ქვეყნის „დომინაცია ამ სფეროში უპირობო უნდა იყოს.“

მიუხედავად ამისა, არჩეულ პრეზიდენტს დღემდე არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს იგი „სერიოზული კიბერთავდასხმითი შესაძლებლობების ფლობაში.“ მართალია, ამერიკის მხრიდან უფრო აგრესიული კიბერ პოლიტიკის წარმოება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს მოწინააღმდეგეთა ნაწილის აგრესიის შეკავებას, თუმცა არსებობს „კიბერ შეიარაღების რბოლის“ გამწვავების ზემოხსენებული პერსპექტივაც. იქიდან გამომდინარე, რომ კიბერ შეიარაღების პროგრამების შექმნა ძირითადად სპეციალური სამსახურების პრეროგატივაა, სახელმწიფოთა შესაძლებლობები ამ მხრივ, ფაქტობრივად, უცნობია, რაც კიდევ უფრო ზრდის გაურკვევლობის შეგრძნებას პოლიტიკის მწარმოებელთათვის.

ეს უკანასკნელი გარემოებები განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან არსებობს შანსი, ტრამპმა უგულებელყოს ქვეყნის მიერ უკანასკნელ წლებში კიბერ სივრცეში სახელმწიფოთა ქმედებების საერთაშორისო დონეზე დარეგულირების მცდელობები და უარყოს ამგვარი პოლიტიკა, რაც კიბერ სივრცეში ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეებთან, რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობების დეესკალაციის პროცესს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.

მაგალითად, წლებია აშშ-ს საკვანძო როლი აკისრია გაეროს სამთავრობო ექსპერტების ჯგუფის მიერ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პროგრამაში, რომელიც უთუოდ უწყობს ხელს ამ სფეროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თუკი ამერიკა უარს იტყვის თანამშრომლობის გარკვეული დონის შენარჩუნებასა და გლობალურ დონეზე მოქმედი ნორმების მიღებაზე, შესაძლოა, ქვეყნების ნაწილმა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი კიბერ არსენალის მნიშვნელოვნად გაზრდაზე.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისას ტრამპის რიტორიკამ მოკავშირე ქვეყნების ნაწილს აშშ-თან თავდაცვითი კუთხით თანამშრომლობის თაობაზე შეშფოთების მიზეზი გაუჩინა. ამჟამად ეს ქვეყნები აშშ-ის „თავდაცვითი ქოლგის“ ქვეშ არსებობას გარანტირებულ პერსპექტივად სულაც აღარ მიიჩნევენ და, ცხადია, ეს ეჭვები ვრცელდება კიბერ უსაფრთხოების სფეროზეც. შესაბამისად, იაპონიის მსგავსმა ქვეყნებმა, რომელთაც ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით საკმაოდ დიდ შედეგებს მიაღწიეს, თუმცა კიბერთავდასხმით ტექნოლოგიების განვითარებაზე უარი განაცხადეს, შესაძლოა, ამ კუთხით საკუთარ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედონ. ამასთან, ტრამპის ორჭოფობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კიბერ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის არსებობაზეც, რომელიც ამჟამად აშშ-თან ერთად ავსტრალიას, კანადას, დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიას მოიცავს.

თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებს შორის ინფორმაციული ქსელის წყალობით არსებული კავშირების მდგრადობა მოითხოვს კოოპერაციისა და ცოდნის გაზიარების გარკვეულ დონეს. თუკი პრეზიდენტი ტრამპი ამ სახის თანამშრომლობის შემცირებას გადაწყვეტს, ეს დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო ამერიკის, არამედ მისი პარტნიორი ქვეყნების კიბერ შესაძლებლობებსაც, რაც, ბუნებრივია, არცერთი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის. ამასთან, აშშ-ის მხრიდან ნორმების შემოღებაზე უარის თქმითა და კიბერთავდასხმითი ტექნოლოგიების განვითარებით (რაც გულისხმობს უფრო აგრესიული კიბერ პოლიტიკის წარმოებასაც) მსოფლიოში არცთუ სასურველი სურათი მიიღება: უფრო მეტად მილიტარიზებული და ნაკლებად რეგულირებული კიბერ სივრცე.

საბოლოო ჯამში, მაშინ, როდესაც მსოფლიო გულდასმით აკვირდება ახალი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კიბერ პოლიტიკას, შესაძლებლობები ამ სფეროში მუდმივად და განუხრელად იზრდება. შესაბამისად, აშშ დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რაც სახელმწიფოთა შორის კიბერ შეიარაღების სფეროში შეჯიბრის სერიოზულ გამწვავებას გულისხმობს ამ სფეროს საერთაშორისო სამართლის ნორმებით რეგულირებამდე. არაპროგნოზირებადობა, სამხედრო განწყობების ზრდასთან ერთად მსოფლიო პოლიტიკაში ყოველთვის საშიშ კომბინაციას წარმოადგენს, თუმცა, რასაკვირველია, ხსენებული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას დღესდღეობით უკვე ისედაც მზარდად მილიტარიზებულ კიბერ სივრცეში. 

წყარო: www.thediplomat.com